ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგის თემაზე ვიდეორგოლი შექმნეს
22-02-2021
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა Erasmus+ და eTwinning-ის საერთაშორისო პროექტის - Tolerance („ტოლერანტობა“) ფარგლებში, ბულინგის საწინააღმდეგოდ, ვიდეორგოლი დაამზადეს.
სკოლის ინფორმაციით, ბულინგის თემაზე შექმნილ ვიდეორგოლში მონაწილეობდნენ: წამყვანის როლში - ღების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნანა ჯოხაძე; მოსწავლეების როლებში - ღების საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ოთარ ლობჯანიძე და ღების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ სალუქვაძე.
სკოლის ცნობითვე, პროექტს ხელმძღვანელობდა ღების საჯარო სკოლიდან პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თამარ სამსონიძე.
პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია მასწავლებელი ღების საჯარო სკოლიდან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ვერა ლობჯანიძე.