„ყოველი წუთი ძვირფასია და სიცოცხლე იმისთვის გვეძლევა, ჩვენს ქვეყანას გამოვადგეთ“ - ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი
17-02-2021

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლამ, ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც პანდემიის გამო აღმოჩნდა საგანმანათლებლო სისტემა, წარმატებით დაძლია, დღეს კი შეუძლია იამაყოს წარმატებული გუნდითა და წარმატებული ხელმძღვანელით. ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი, Etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ გაუმკლავდნენ ყველა წინააღმდეგობას და როგორ არ იშურებენ ძალისხმევას, რათა წარმატებული, განათლებული მომავალი თაობები აღუზარდონ ქვეყანას.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რაოდენ ძვირფასია თითოეული ადამიანის სიცოცხლე. ის, რომ ადამიანურ ურთიერთობებსა და პანდემიამდელ ცხოვრებას ჯეროვნად არ ვაფასებდით... და რომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ამ მიმართულებით ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. მასწავლებლებს გადამზადება სჭირდება - თითოეული მათგანი უნდა ფლობდეს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და იცნობდეს ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას ონლაინ სწავლებისთვის.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- იყო საკმაოდ რთული წელიწადი, სწავლა-სწავლების კუთხით, ვიყავით დასტრესილები და დაძაბულები ამდენი ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით, სახლში ჩაკეტვით, თითქმის უმოქმედობით.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მზაობა ნებისმიერ სიტუაციაში სწავლა-სწავლების პროცესის გაგრძელებისათვის, მათი ერთმანეთისა და სკოლის მიმართ თანადგომა, მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ჯანსაღი კომუნიკაცია.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- როცა ნაკლებად აქვთ მზაობა ონლაინ სწავლებისთვის და სერიოზულად არ აღიქვამენ მსოფლიოში შექმნილ პანდემიურ მდგომარეობას, ნაკლებად აქცევენ ყურადღებას COVID-19-ის პრევენციული ზომების დაცვას.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტად ესაუბრონ შვილებს COVID-19-ის პრევენციული ზომების დაცვაზე. ყურადღება გამოიჩინონ შვილების ონლაინ სწავლებისას. გაკვეთილებში მათ ჩართულობაზე, იცოდნენ და აკონტროლებდნენ მათ დღის რეჟიმს.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- მაქსიმალურად გამოვიყენოთ დრო. ჩვენ, ქართველებმა, არ ვიცით დროის ეფექტური გამოყენება... რომ ყველა წუთი ძვირფასია. ჩვენი სიცოცხლე ჩვენ არ გვეკუთვნის მხოლოდ, გვეძლევა იმისათვის, ჩვენს ხალხსა და ქვეყანას გამოვადგეთ, როგორც ტატო იტყოდა:

„არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203