„ყოველგვარი დაბრკოლება გადაილახება ერთობითა და თავდაუზოგავი შრომით“ - ქეთევან ველთაური, თელავის N6 საჯარო სკოლის დირექტორი
17-02-2021

დღეს, როდესაც საქარველოს საგანმანათლებლო სისტემამ წარმატებით დაძლია პანდემიის გამო შემქნილი ყველა გამოწვევა, უკვე იმაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, რა გამოცდილება მიიღეს პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ონლაინ-სწავლებით. ქეთევან ველთაური, თელავის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, რომ „ძალა ერთობაშია და ყველანაირი დაბრკოლება გადაილახება თავდაუზოგავი შრომით“. თელავის N6 საჯარო სკოლა კი სწორედაც მაგალითია ერთმუშტად შეკრული გუნდისა და წარმატებული ხელმძღვანელის, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ მომავალი თაობების განვითარებაზე.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- ის, რომ მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის. თვალსაჩინო გახადა ის ფაქტი, რომ ტექნოლოგიები არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- რომ ძალა ერთობაშია. ყოველგვარი დაბრკოლება გადაილახება ერთობითა და თავდაუზოგავი შრომით, სკოლა, ეს ერთი დიდი ოჯახია, რომელშიც გაერთიანებულია მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც გარდამტეხ პერიოდს XXI საუკუნის ადამიანთა ცხოვრებაში. ამ წელმა დაგვანახა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. გვასწავლა, როგორ ავუწყოთ ფეხი გამოწვევებს, სასწავლო პროცესი გავხადოთ უფრო მოქნილი, სიახლეების მიმართ ვიყოთ გახსნილები და მეტი ვიშრომოთ სკოლისა და ახალი თაობების სასიკეთოდ.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

-  ის თავდადება, აქტიურობა, ჩართულობა და მზაობა, რომელიც გამოიჩინეს პანდემიის დროს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- ის, რომ პანდემიის გამოწვევებს ფეხი აუწყვეს, შეცვალეს ჩვეული სასკოლო ცხოვრება დისტანციურით, დაემორჩილნენ ახალ რეგულაციებს და  ხარისხიან  განათლებას იღებენ.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტ ჩართულობას, აქტიურობას, თანამშრომლობას. იყვნენ სკოლისა და საკუთარი შვილების გვერდით. ძლიერი სკოლა ფუნდამენტია ძლიერი სახელმწიფოსი.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- თუ, როგორ გავზარდო მოტივაცია მოსწავლეებში და როგორ შევუქმნა ჩვენს ბავშვებს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203