განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიდა - რას უჩივიან უწყებას?
08-02-2021

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი განათლების სამინისტროს სასამართლოში პანდემიის პირობებში სკოლების არაეფექტური მართვისა და ბავშვების საჭიროებების გაუთვალისწინებლობის გამო უჩივის.

არგანაშვილის მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოსგან მოითხოვენ განათლების სამინისტროს 15 თებერვლამდე კონკრეტული და ეფექტური გეგმის შექმნა დაავალოს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარეგისტრირებთ საქმეს, რომლითაც განათლების სამინისტროს ვუჩივით პანდემიის პირობებში სკოლების არაეფექტურ მართვასა და ბავშვების საჭიროებების გაუთვალისწინებლობის გამო.

ვიწყებთ უზრუნველყოფის მოთხოვნით: სასამართლოს ვთხოვთ სამინისტროს 15 თებერვლამდე დაავალოს კონკრეტული და ეფექტური გეგმის შექმნა, რათა ბავშვების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და განათლების უფლება არ დაირღვეს ბავშვების სკოლებში დაბრუნებისას. მალევე შევიტანთ ძირითად სარჩელს.

რადგან მთავრობა არ იაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას სკოლების სტიქიურ და მოუმზადებელი გახსნისას, გვინდა სასამართლო სისტემა ჩაერთოს ბავშვების დასაცავად და თქვას მოსამართლემ თავის სიტყვა - რომ ბავშვების სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ქვეყანაში არ დაუშვებს.

დეტალი სპეციალურად იურისტებისთვის: სარჩელი და უზრუნველყოფა შეგვაქვს სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, როგორც შშმ ბავშვების დამცველ ორგანიზაციას. ეს ინსტიტუტი საქართველოში პირველად 2021 წლის იანვარში ამოქმედდა, იუსტიციის სამინისტრომ პირველად მოგვანიჭა ასეთი სტატუსი და სასამართლოც პირველად განიხილავს ბავშვების უფლებების კოლექტიურ და განსაკუთრებით მძიმე დარღვევას“, - აღნიშნავს არგანაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203