კერძო ბაღებს მთავრობა სესხის პროცენტს 80%-ით დაუფინანსებს
04-02-2021

მთავრობის გადაწყვეტილებით სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა სპორტულ ობიექტებს და საბავშვო ბაღებსაც შეეხება. აღნიშნულის შესახებ  ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამაში 100-მდე სპორტული ობიექტი და სულ მცირე, 50-მდე საბავშვო ბაღი ჩაერთვება. 

„მოგეხსენებათ, დავიწყეთ რესტორნების სესხის პროცენტის სუბსიდირება. პირველი შერჩევისას დიდი ინტერესი იყო, 2 000-მდე რესტორანმა მოგვმართა, თუმცა შერჩევისას გამოვლინდა ტექნიკური და იურიდიული ნიუანსები, რაც დაინტერესებულ ობიექტებს პროგრამაში ჩართვაში უშლიდა ხელს. გადავხედეთ და საკმაოდ სერიოზული შემსუბუქებით ვაცხადებთ მეორე შერჩევას. 8 თებერვალს დაიწყება რესტორნების მხრიდან ახალი განაცხადების მიღება და 5 მარტამდე გაგრძელდება.

ამ პროგრამას ვამატებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც. ასევე, ვაფართოებთ და თუ აქამდე შეეხებოდა 2020 წლის 1-ელ მარტამდე არსებულ სესხებს, ახლა იქნება 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე აღებულ სესხებზე. მეორე კატეგორია, რომელზეც პროგრამას ვავრცელებთ, არის სპორტული ობიექტები და მესამეა საბავშვო ბაღები. ეს შეეხება ბანკიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის და ლიზინგის პროცენტს. სპორტული ობიექტების შემთხვევაში მოიაზრება ფიტნეს ცენტრები, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები და დარბაზები. 80%-ით დავუსუბსიდიებთ სესხის პროცენტს“,-განაცხადა თურნავამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203