მასწავლებლების 80% დისტანციური სწავლების დროს პროფესიულ გადაწვას განიცდის - რა შედეგები აჩვენა აშშ-ი ჩატარებულმა კვლევამ
13-12-2020

მასწავლებლები მუშაობენ მეტს და პროფესიულ გადაწვას განიცდიან - ასეთი შედეგები აჩვენა ამერიკულმა კვლევამ. ოქტომბერში არაკომერციულმა ორგანიზაციამ - RAND ამერიკის სკოლის მასწავლებლების და დირექტორების გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც COVID-19-ის ჟამს მათ მუშაობას შეეხებოდა. გთავაზობთ ამ კვლევის ყველაზე საინტერესო რიცხვებს.

რა გავლენა მოახდინა COVID-19-მა ამერიკულ სკოლებზე?

ამერიკული სკოლების უმეტესობამ სწავლების დისტანციური ფორმის გამოყენება ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პედაგოგები თვლიან, რომ სწავლების ხარისხმა დაიწია მას შემდეგ, რაც სკოლები დაიხურა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ COVID-19 სწავლის ხელმისაწვდომობას განსაკუთრებით უზღუდავს სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს.

როგორ მუშაობენ დღეს ამერიკული სკოლები?

აშშ-ს უმეტესი სკოლები დღეს ან სრულიად დისტანციურად ან შერეული ფორმატით მუშაობენ:

დირექტორების 33% აცხადებს, რომ მათი მოსწავლეები სწავლობენ მთლიანად დისტანციურად;

47% სკოლა შერეული ფორმატით მუშაობს. 

დირექტორების 20% ამბობს, რომ მათი მოსწავლეების უმეტესობას აქვს მასწავლებელთან ცოცხალი შეხვედრის შესაძლებლობა. ეს ეხება ძირითადად მცირე ქალაქების პატარა სკოლებს. 

როგორია მოსწავლეთა დასწრება და როგორ ასრულებენ ისინი დავალებებს?

მასწავლებლების თქმით,  სექტემბერ-ოქტომბერში, დისტანციური სწავლებისას, მოსწავლეების მხოლოდ 69% ასრულებდა ყველა დავალებას ან მათ უმეტესობას.

შემოდგომაზე გაკვეთილებს მოსწავლეთა 86% ესწრებოდა. მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი სკოლებში სადაც ცოცხალი დასწრებაა უფრო მაღალია - 91%. შედარებისთვის, ჩვეულებრივ, ამერიკულ სკოლებში დასწრება ბოლო 5 წლის მანძილზე 94-95% შეადგენდა. 

როგორ გრძნობენ თავს მასწავლებლები დისტანციური სწავლებისას?

პედაგოგთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა განაცხადა, რომ პროფესიულ გადაწვას განიცდის და ფიქრობს ხომ არ მიატოვოს მასწავლებლის პროფესია:

მასწავლებლების 57%-მა თქვა, რომ კვირაში იმაზე მეტ საათს მუშაობს, ვიდრე ადრე;

მასწავლებლების 80% პროფესიულ გადაწვას განიცდის.

გამოკითხული პედაგოგების 25% კი პედაგოგიური კარიერის დასრულებას ფიქრობს. ამასთან, მათი უმეტესობა აღნიშნავს, მათ ასეთი განზრახვა COVID-19-მდე არ ჰქონიათ. 

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ შედეგები საკმაოდ შემაშფოთებელია: მასწავლებლებს უფრო მერი დატვირთვა აქვთ, მოსწავლეები ხშირად აცდენენ გაკვეთილებს და არ ასრულებენ ყველა დავალებას, პედაგოგებს და დირექტორებს კი სჭირდებათ მეტი ცოდნა და უნარები ონლაინ-სწავლებისთვის. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203