
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სვერის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ცუცქირიძე დისტანციურ სწავლებაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს. მისი თქმით, ონლაინ სწავლება ვერ მოიტანს იმ შედეგს, რა შედეგიც საკლასო ოთახებში ჩატარებულ გაკვეთილებს აქვს.
„დისტანციური სწავლება ვერასდროს შეცვლის ჩვეულ საკლასო ოთახში სწავლებას, განსაკუთრებით პირველკლასელებთან მიმართებაში, როდესაც მათში ახლა ფორმირდება მასწავლებელი, წიგნი, საკლასო ოთახი... მიღწევა იმ შედეგისა, რაც საკლასო ოთახში კეთდება, დისტანციურად ვერ ხერხდება...მაგრამ თუკი ტექნიკურად გამართულია როგორც მასწავლებელი ისე მოსწავლე, ინტერნეტი და გარემო პირობები ხელს არ უშლის, ამ პირობებში სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, ვისაც სწავლა უნდა, ყველა საშუალებას ეძებს, სასურველ შედეგს მიაღწიოს.
წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე უფრო მობილიზებული შეხვდნენ ამ ყველაფერს როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები. ძირითადად, ვმუშაობთ „თიმსის“ პლატფორმაზე, იქვე გვაქვს შეფასების სისტემაც ელექტრონულად... არის ადგილები, სადაც ინტერნეტის დაფარვის არეალი კარგი არ არის, ამ შემთხვევაში ყველა გზას მივმართავთ მოსწავლესთან საკონტაქტოდ.
რთულია ცარიელი სკოლის ნახვა მოსწავლეების გარეშე, იმედია დიდხანს არ გაგრძელდება ასე“,-ამბობს დირექტორი.