
ლედგებეს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, მარიამ ხუხუამ 2020 წლის „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.
სკოლის დირექტორი თამილა შულაია მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავს და ასევე, მადლობას უხდის პროექტ „ეტალონის“ ავტორსა და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს.
„კიდევ ერთი უდიდესი წარმატება ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლეებისა, მარტვილის „ეტალონი„ მოსწავლე 2020-2021 სასწავლო წლისა, მეთერთმეტე კლასის უნიჭიერესი მოსწავლე მარიამ ხუხუა... მესამე ტრიუმფალური ნაბიჯი ჩვენი სკოლისა... მადლობა უპირველეს ყოვლისა პროექტ „ეტალონის“ სულისჩამდგმელ ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ქალბატონ პაშა გულორდავას, ჩემს ერთ მუშტად შეკრულ უძლიერეს კოლექტივს და უსაზღვროდ დიდი თაყვანისცემა მოსწავლეთა მშობლებს, ღირსეული შვილების აღზრდისათვის“,- ნათქვამია თამილა შულაიას მადლობის წერილში.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება მარტვილში, კერძო სკოლა „სხივში“ გაიმართა.
მარტვილის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
2020 წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მარტვილის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები