„უდიდესი სიხარული, სიამაყე, ბედნიერება, დაფასება, აღიარება აჩუქეს თავიანთ მასწავლებლებს“- თბილისის N106 სკოლის 42 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
08-09-2020

თბილისის ზურაბ იარაჯულის სახელობის N106 საჯარო სკოლის წარმომადგენელი წარმატებულ კურსდამთავრებულებს გვაცნობს.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ამაყობენ თავიანთი მოსწავლეებით, რომლებმაც უკვე წარმატებით შეაბიჯეს ცხოვრების ახალ ეტაპზე და მათი სტატუსი - მოსწავლე შეიცვალა სტუდენტით.

„სკოლაში გატარებულმა წლებმა უკვალოდ არ ჩაიარა, მასწავლებელთა დაუღალავმა შრომამ, მონდომებამ და სურვილმა, სრულყოფილად გადაეცათ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება, გამოემუშავებინათ საჭირო უნარ-ჩვევები მოსწავლეებისთვის, თავისი შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო და ჩვენი მოსწავლეები  - მიზანდასახულები, მონდომებულები, მოაზროვნეები და წარმატებულები უკვე საქართველოს უნივერსიტეტების ღირსეული სტუდენტები არიან, ხოლო გამოცდებზე, მათმა დაფიქრებულმა მუშაობამ, ამ მოსწავლეთა უმრავლესობას გრანტის მოპოვების სიხარულიც მიანიჭა.

გვინდა იცნობდეთ ჩვენი სკოლის ღირსეულ წარმომადგენლებს, ორი პარალელური მეთორმეტე კლასის წარმატებულ მოსწავლეებს, რომლებმაც მიზნის მისაღწევად მცდელობები, ენერგია და ძალა არ დაიშურეს და შედეგმაც არ დააყოვნა.

ორივე მე-12 კლასიდან 42-მა მოსწავლემ  დაისახა მიზნად სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა და ყველა მათგანი გახდა სტუდენტი. მათგან გვყავს ოქროსი და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებიც. ამჯერად, მინდა ამ შესანიშნავი ადამიანების შრომითა და აზროვნებით მოპოვებულ ჯილდოზე, სახელმწიფო გრანტების შესახებ გაგაცნოთ და გაგახაროთ, რადგან ყველა ქართველს გვაბედნიერებს ჩვენი ქვეყნის ღირსეული ახალგაზრდები.

მაშ ასე,

  • უმაღლეს სასწავლებელში სწავლის სრული დაფინანსება, ე.წ. 100%-იანი გრანტი მოიპოვეს სალომე ხუჯაძემ და გუგა ცუხიშვილმა.
  • სწავლის 70%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს: მარიამ კიკნაძეს, საბა წამალაშვილს, ნინი უსენაშვილს, ანა კუტუბიძეს და გვანცა ჩხეტიანს.
  • 50 %-იანი გრანტით ისწავლიან: ვაკო სოზაშვილი, მარიამ სართანია, მიხეილ შჩეტინინი, მარიამ ჩიქოვანი, თამთა ჩაჩანიძე, სალომე ხმალაძე, ანა სხირტლაძე, მამუკა ქავთარაძე, რატი დარჩიაშვილი და ლუკა კოჭლოშვილი.

რასაც გასცემ, უკან გიბრუნდება, ჩვენი სკოლის მასწავლებლებს კი გაცემული შრომა, ენერგია, მონდომება, ძალისხმევა, მოსწავლეებმა ასე დაუბრუნეს - უდიდესი სიხარული, სიამაყე, ბედნიერება, დაფასება, აღიარება აჩუქეს თავიანთ მასწავლებლებს. სხვა რა უნდა ინატროს სკოლამ, როდესაც თავის პირველ, ფუნდამენტურ მიზანს ასე წარმატებით აღწევს.

მადლობა ამ მოსწავლეებს! მათ წინ მრავალფეროვანი გამოცდილებებით აღსავსე დღეები ელით. გვჯერა, გამოწვევებს, რომლებსაც სტუდენტური ცხოვრების ეტაპზე შეხვდებიან, ღირსეულად გაუმკლავდებიან და კიდევ უფრო მრავალმხრივს გახდიან ამჟამინდელ წარმატებებს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203