
15 სექტემბრამდე სკოლების შესამოწმებლად 400-მდე ინსპექტორი გამოყო. როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლა შემოწმდება.
„პროცესში ჩართულია როგორც შრომის ინსპექცია, ასევე მუნიციპალური სამსახურები, შემოსავლების სამსახური და სურსათის ეროვნული სააგენტო. ერთობლივი ძალებით დაახლოებით 400-მდე ინსპექტორი გვყავს მობილიზებული ამ პროცესისთვის. 15 სექტემბრამდე აბსოლუტურად ყველა სასწავლო დაწესებულების შესწავლა მოხდება და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - განაცხადა ფერაძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აღნიშნავს, რომ სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციების შესრულებაში ეხმარება.
„ჩვენ ყოველდღიურად ვთანამშრომლობთ სკოლებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან და ვეხმარებით იმაში, რომ დაკმაყოფილებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაწერილია. განათლების სამინისტრომ შეისყიდა ყველა საჭირო სადეზინფექციო საშუალება და სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლა იქნება აღჭურვილი“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.