სართიჭალის N2 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებმა - ნინო ძამნაშვილმა და გიორგი ანუაშვილმა ვერცხლის მედალზე დაამთავრეს
24-08-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის N2 საჯარო სკოლას წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს. ვერცხლის მედალზე წარდგენილები არიან ნინო ძამნაშვილი და გიორგი ანუაშვილი.

სოციალურ გვერდზე სკოლის ადმინისტრაციამ წერილი გამოაქვეყნა, სადაც კურსდამთავრებულებს ახასიათებს:

„2019-20 სასწავლო წელი უჩვეულოდ დამთავრდა მეთორმეტეკლასელთათვის.
როცა მათი მისალოცი პოსტი გამოვაქვეყნე, დავწერე რომ ეს არის სკოლის ის იშვიათი გამოშვება, როცა მედალოსნებს არ ვუშვებთ-მეთქი, მათ ამისი ამბიცია არ ჰქონდათ-მეთქი. ვგულისხმობდი ყოველ ნიშანზე მოდარაჯე მოსწავლესა თუ მათ მშობელს, როცა მთავარ ღირებულებას მხოლოდ ნიშანი წარმოადგენს ხოლმე. ვწერდი, რომ ეს ის იშვიათი გამოშვებაა, როცა მთავარი ღირებულებები არა მედალოსნობა, არამედ ღირსეული მამულიშვილობა, სამართლიანობის დაცვა, ყველა ადამიანის ღირსების დამცველობა და საკუთარი შესაძლებლობების კონკურენტულ გარემოში გამოვლენაა-მეთქი.

ჰოდა, როცა სასწავლო წლის ბოლოს სამინისტროდან მოითხოვეს მედალოსნების კანდიდატურების ვინაობები, კლასის დამრიგებელი გულდასმით ჩაუჯდა და უკვე წლიურიც, საფეხურის ნიშნებიც გულდასმით დაითვალა და აღტაცების წამოძახილმა მოიცვა მთელი შენობა როცა ვნახეთ, რომ არც ამ წელს ჩაუვლია მედალოსნების გარეშე და თანაც ისეთი მედალოსნებისა, რომელთა, კიდევ ვიმეორებ, მთავარი ღირებულება ეს არ ყოფილა. ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, ივლისის თვეში გავიგეთ, მაგრამ ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებაში ჩაბმული აბიტურიენტების ემოციები სხვა მიმართულებით არ გავაბნიეთ შეგნებულად. ახლა კი, როცა ჩამცხრალია გამოცდების მღელვარე დღეები, მინდა ჩვენ დავასწროთ სტუდენტობის სიებს და სიხარულით გითხრათ რომ სკოლის ვერცხლისმედალოსნები არიან: ნინო ძამნაშვილი და გიორგი ანუაშვილი.

გილოცავთ ჩემო ძვირფასებო, ასე მოულოდნელი სიხარული გწვეოდეთ სტუდენტთა სიებშიც თქვენთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში. მჯერა, რომ იქაც გვასახელებთ! გვიყვარხართ და გვეამაყებით!“-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203