„მჯერა, ჩვენი შრომა და ამაგი ფუჭად არ ჩაივლის“-ლესის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა
30-07-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ლესის საჯარო სკოლის დირექტორმა თინათინ გოგელიამ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა. დირექტორმა მადლობა გადაუხადა მშობლებს დისტანციურ სასწავლო პროცესში თანადგომისთვის.

„ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო, გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას, რომელიც სხვა სასწავლო წლებიდან გამოირჩეოდა, ჩვენ ხომ სასწავლო წლის მეორე ნახევარში სხვა და უჩვეულო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, პირველად გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, დღემდე გამოუცდელ სირთულეებს შევეჯახეთ, გვქონდა ხარვეზები, მაგრამ მონდომებითა და შრომით მეტნაკლებად ყველაფერი შევძელით. სიძნელეებს გავართვით თავი.

ამ ყველაფერს ვერ შევძლებდით მშობლების თანადგომის გარეშე. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო მათ მხარდაჭერისათვის.

მინდა მოვეფერო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა მასწავლებელს, ისინი ხომ ყველა ღონეს ხმარობდნენ, მიუხედავად სირთულეებისა, რათა თქვენ მიგეღოთ განათლება. ერთია გაკვეთილი ატარო სკოლაში და მეორე სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა სასწავლო პლატფორმის გამოყენებით.

მე მჯერა, ჩვენი შრომა და ამაგი ფუჭად არ ჩაივლის, კარგ ნაყოფს გამოიღებს, რადგან თქვენი გული და გონება სრულიად გულწრფელია, ნამდვილია. იმედი მაქვს, თქვენი სახით ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება საქართველოს. გისურვებთ შრომისმოყვარეობა, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის გატანა, წარმატებები და გამარჯვებები იყოს თქვენი ცხოვრების მეგზური.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! პატივისცემითა და დიდი სიყვარულით თინათინ გოგელია“-წერს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203