„მასწავლებელი მხოლოდ საგანს არ უნდა ასწავლიდეს“ - ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ფორჩხიძე საკუთარ მოსაზრებას გვიმხელს
22-07-2020

Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ.

ტყიბულის  N2 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი ნანა ფორჩხიძე გვიმხელს, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი:

  • პირველ რიგში უნდა უყვარდეს ბავშვი, რადგან მოსწავლე ამას გრძნობს;
  • მასწავლებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს თითოეული მოსწავლის ცოდნაზე და პასუხს აგებდეს თუ რატომ ვერ შეძლო მოსწავლის დაინტერესება;
  • კარგი პედაგოგი მაშინ ხარ, როცა სუსტ მოსწავლეს გახდი ძლიერს;
  • აუცილებლად უნდა ფლობდეს ტექნოლოგიებს;
  • საკუთარი ცოდნის ყოველდღიურ განვითარებას უნდა ახდენდეს;
  • უნდა შეეძლოს მოუსმინოს ბავშვს და იყოს სამართლიანი.
  • არ უნდა იყოს „ჩასაფრებულის“ პოზიციაში;
  • მასწავლებელი მხოლოდ საგანს არ უნდა ასწავლიდეს, უნდა შეეძლოს ასწავლოს ურთიერთობები, ყოფითი პრობლემების მარტივად მოგვარება;
  • მასწავლებელი კარგად უნდა ფლობდეს ბავშვის ფსიქოლოგიას;
  • მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა ასწავლოს, თუ როგორ ისწავლონ.

პედაგოგებს უნდა უტარდებოდეთ ტრენინგები „ბავშვის ფსიქოლოგიის“ შესახებ, ბევრი პედაგოგი დღესაც ვერ ფლობს ტექნოლოგიებს, ასწავლის ძველი მეთოდით „მოყევი გაკვეთილი“, არ ხდება პედაგოგებისათვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება, რაც დაეხმარება მოსწავლეებისათვის ცოდნის გადაცემაში, ფსიქოლოგიის მართვაში. პედაგოგებისათვის სტატუსის მინიჭება არ უნდა ხდებოდეს კრედიტქულების შეგროვებისa და გამოცდების საფუძველზე. ბევრი პედაგოგი საგანსაც ფლობს და კრედიტებსაც აგროვებს, მაგრამ გაკვეთილზე „თავს არ იწუხებს“. მასწავლებლის შეფასება უნდა გამომდინარეობდეს მოსწავლეთა ცოდნიდან. სახელფასო ანაზღაურება და სტატუსი იცვლებოდეს მოსწავლეთა ცოდნის მიხედვით, რაც შემოწმდება კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდებით. გამოცდები ყველა საგანში უნდა ტარდებოდეს კომპიუტერთან, როგორც ეს საატესტატო გამოცდებზე იყო. მოსწავლეთა ცოდნის დონე ამაღლდება და ბავშვებსაც აღარ დაჭირდება რეპეტიტორებთან სიარული.

სტატია გამოგზავნილია - თემის - თანამედროვე მასწავლებელი - აქტიური და პროფესიონალი გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203