„ბოდიშს გიხდით, რომ პანდემიის გამო სკოლაში ვერ შეგიქმენით საზეიმო განწყობა“- ქუთაისის N21 სკოლის დირექტორმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
06-07-2020

ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექტორმა რუსუდან ჭეიშვილმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება დისტანციურად მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის და მისი გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესის გამო, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სკოლაში მოსწავლეები. თუმცა, ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს ემოციური წერილი მიუძღვნა. 

„გილოცავთ, ჩვენო მე-12 კლასელებო, რა უცბად გაილია 12 წელი, წლები სიყვარულის, სიხარულის და ურთიერთპატივისცემის. გილოცავთ სკოლის წარმატებით დამთავრებას! ვულოცავ თქვენს მასწავლებლებსა და მშობლებს. უამრავ ლამაზ დღეს გისურვებთ!
ბოდიშს გიხდით, რომ პანდემიის გამო სკოლაში ვერ შეგიქმენით საზეიმო განწყობა, ვერ მიიღეთ საოცნებო ბოლო ზარის მხიარულება, ხალისიანად ვერ გაიხსენეთ სკოლის კედლებში გატარებული წლები. ვერ მოახერხეთ დამშვიდობება და სამახსოვრო ავტოგრაფების დარიგება, ფერების, ემოციების და ცრემლების აფეთქება. გწამდეთ, დღევანდელ დღეს როგორც თქვენთვის, ისე პედაგოგებისთვის, თქვენი საყვარელი მანანა და ხათუნა მასწავლებლისთვის ემოციების და მღელვარების გარეშე არ ჩაუვლია.
მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სიყვარული და საუკეთესო სურვილები!
ხარისხიანი განათლება, სიყვარული და უამრავი სიხარული, სამშობლოს ერთგული და თავდადებული მსახურება მოგმადლოთ უფალმა. წარმატებებით გაგევლოთ უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი ცხოვრების ლამაზი წლები.
ყველანი ძალიან, ძალიან გვიყვარხართ! ღვთის წყალობა და ულევი წარმატება თქვენ!
გზას დაგილოცავთ! მოენატრებით თქვენს სკოლას“,- წერს დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203