თერჯოლის N1 სკოლის გუნდის გამოგონებამ გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა
03-07-2020

თერჯოლის N1 საჯარო სკოლის გუნდმა სახანძრო, სასწრაფო, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საფრენი აპარატი - „სელმეტი“ გამოიგონა. სკოლის გუნდის გამოგონება შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებულ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში - „ლეონარდო და ვინჩი - 2020“ მონაწილეობს. გამოგონებამ კონკურსის პირველი ეტაპი უკვე გადალახა - ინფორმაციას ამის შესახებ სკოლის დირექტორი ელისო მურადაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

„სასიხარულო და საამაყო ინფორმაცია!

შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებულ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე - „ლეონარდო და ვინჩი - 2020“ დარეგისტრირდა ჩვენი სკოლის გუნდი: ლიდერი, პროექტის იდეის ავტორი გახლავთ ერეკლე კირკიტაძე, გუნდის წევრები: ამირან რობაქიძე და ანდრია გაბრიჭიძე, ხელმძღვანელი - ფიზიკის მასწავლებელი დავით ჩუბინიძე. მათ კონკურსზე წარადგინეს სახანძრო, სასწრაფო, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საფრენი აპარატი - „სელმეტი“. გამოგონება ეფუძნება ჰუმანურ იდეებსა და მიზნებს. მას შეუძლია დიდი სარგებლობა მოუტანოს ადამიანებს, განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში იხსნას მათი სიცოცხლე.

გამოგონებამ გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი გაიმართება ოქტომბერში.

ვულოცავ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებ ახალგაზრდა გამომგონებლებს შემდგომ გამარჯვებას“,- წერს დირექტორი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203