„ეს ერთი გუნდია, ერთი ძლიერი ოჯახი, რომელშიც დღეს ჩემი სამი შვილი იზრდება“- რუსთავის N5 სკოლის დირექციას მშობელმა მადლობის წერილი მისწერა
26-06-2020

რუსთავის N5 საჯარო სკოლის დირექციას VIIIკლასის მოსწავლის მშობელმა თამარ სამხარაძემ მადლობის წერილი მისწერა. თამარი მადლიერებას გამოხატავს სკოლის პედაგოგების, შვილის დამრიგებლისა და დირექტორის მიმართ.

გთავაზობთ მშობლის წერილს:

მე თამარ სამხარაძე (მზარეულიშვილი) გახლავართ მე-5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული. თუ ნებას დამრთავთ, მინდა ჩემი წერილი ბავშვობის მოგონებებით დავიწყო. კარგად მახსოვს, როდესაც დედის ხელს ჩაკიდებული ჩავუვლიდი ხოლმე ჯერ კიდევ მშენებარე სკოლას, როგორი სიამაყითა და მოლოდინით მიძგერდა გული. მიხაროდა, რომ ულამაზეს სკოლას აშენებდნენ ჩემთვის, სადაც „ხუთიანებზე“ ვისწავლიდი.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან დღეს ჩემი სამი შვილი სწავლობს მე-5 საჯარო სკოლაში. სკოლაში, რომლის კედლებში განვლო ჩემმა ბავშვობამ, რომელმაც მასწავლა სიკეთე, ერთგულება და სიყვარული. მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვთქვა თითოეული პედაგოგის მიმართ, რომლებმაც მართლაც მრავალი ღირსეული თაობა აღზარდეს და დღესაც ერთგულად ემსახურებიან ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობასა და აშენებას, რუდუნებით ძერწავენ ჩვენი ქვეყნის მომავალს. მინდა ქედი მოვიხარო ჩემი შვილების, და არა მარტო მათი, პედაგოგებისა და დამრიგებლების მიმართ, რომლებმაც ამ უმძიმეს პერიოდში გამოავლინეს საოცარი თავდადება და სიყვარული ჩვენი შვილებისადმი, რაც ნამდვილად გმირობის ტოლფასია. მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი დირექციის მიმართ და პირადად ქალბატონი თამარ გოგაძის მიმართ, რომელმაც თავის საოცარ გუნდთან ერთად, უდიდესი შრომის ფასად შეძლო წარმატებით დაესრულებინა სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში.

ჩემი უფროსი გოგონა მე-8 გ კლასის მოსწავლე თინათინ სამხარაძეა. ჩვენი კლასის მშობლების სახელით დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს დამრიგებელს ლალი მელაშვილს. იმ დედობრივი სიყვარულისთვის, რომელსაც თითოეული მოსწავლე გრძნობს კლასში. აღსანიშნავია, რომ სკოლის თვითმმართველობის დღესთან დაკავშირებით ქართული ენის გაკვეთილის ჩატარებისთვის ჩვენმა შვილებმა მრავალი თბილი და საქებარი სიტყვა დაიმსახურეს სკოლის დირექციისგან. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ღირსეული პედაგოგის, მანანა ქუსიკაშვილის დამსახურებაა, რომელიც სკოლის გახსნის დღიდან ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას და უნერგავს ჩვენს შვილებს ქართული ენის სიყვარულსა და მნიშვნელობას ქართველი კაცისთვის.

დიახ, მე-5 საჯარო სკოლა, ეს ერთი გუნდია, ერთი ძლიერი ოჯახია, რომელშიც დღეს ჩემი სამი შვილი იზრდება და მე საოცრად ამაყი ვარ, რომ ოდესღაც ამ ოჯახის ნაწილი მეც ვიყავი...

                                                                                                                                                                           თამარ სამხარაძე

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203