თბილისის N71 საჯარო სკოლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპილოტე პროგრამაში ჩაერთო
23-06-2020

თბილისის N71 საჯარო სკოლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპილოტე პროგრამაში ჩაერთო. სკოლის დირექტორი დარწმუნებულია, რომ მოსწავლეები და პედაგოგები სიახლეს წარმატებულად გამოიყენებენ.

„ჩვენი, 71-ე საჯარო სკოლა, აქტიურად ჩართულია ამ, კიდევ ერთ, ახალ პროექტში! ჩვენი მოსწავლეების მონაწილეობით ხორციელდება მრავალი საინტერესო იდეა!! დარწმუნებული ვარ, რომ დანერგვის პროცესი წარმატებით განვითარდება!!! მადლობა თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში „Minecraft Education Edition“-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. პროექტი პირველ ეტაპზე ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლების სასწავლო პროცესში „Minecraft Education Edition“-ის პილოტირების რეჟიმში ინტეგრირებას გულისხმობს.

ახალი სასწავლო წლიდან 150-ზე მეტ სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა "Minecraft Education Edition“ დაინერგება, რაც სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

„Minecraft Education Edition“ – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნის სწავლების დროს იყენებენ. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

ეს იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203