
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეპიდემიისგან გამოწვეული ვითარების გამო დისტანციურად გამოემშვიდობნენ. IVკლასი დისტანციურად გააცილა დირექტორმა და კლასის ხელმძღვანელმა ლიანა ბოლქვაძემ. მან პატარებს სამახსოვროდ ვიდეოკოლაჟი მოუმზადა.
„აი, მიიწურა სკოლის გაცნობის პირველი ლამაზი ოთხი წელიწადი - პირველი განცდების, პირველი წიგნის, ანბანის შესწავლის, მეგობრების შეძენის. თითქოს გუშინ იყო ატირებული, გაკვირვებული მზერით სკოლაში რომ შემოდგით ფეხი. უეცრად გავიდა ოთხი წელი. დაფრთიანდით, გაიზარდეთ, უამრავი კარგი თვისება შეიძინეთ, ისწავლეთ მეგობრობა, ერთმანეათისა და მასწავლებლის პატივისცემა და სიყვარული.
ეს წელი სრულიად განსხვავებული წელი იყო, მაგრამ არც ერთი თქვენთაგანი და თქვენი მშობლები არ შეუშინდა სირთულეს, ყველამ იტვირთა თავისი წილი პასუხისმგებლობა.
ჩვენ, თქვენს მშობლებთან ერთად შევძელით ამ უჩვეულო, რთულ სიტუაციას გავმკლავებოდით, რათა წარმატებით გაგვევლო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა, ამისათვის დიდი მადლობა. მართალია, ისე ვერ დავემშვიდობეთ ერთმანეთს, როგორც საჭირო იყო, მაგრამ მე ამ ოთხი წლის მოსაგონრად პატარა კოლაჟი გაგიკეთეთ. სწრაფად გაივლის 12 წელი, დაასრულებთ საშუალო საფეხურს და დაგრჩებათ სამახსოვროდ ამ ოთხი წლის მოსაგონრად. მჯერა, მეხუთე კლასში უფრო წარმატებულები და ბეჯითები იქნებით. ჯანმრთელობას გისურვებთ. დამილოცნიხართ,“-წერს პედაგოგი.
იხილეთ ვიდეო