„ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენთვის ასეთი ორიგინალური „ბოლო ზარი“-თელავის N9 საჯარო სკოლის დირექცია XII კლასელებს დისტანციურად გამოემშვიდობა
18-06-2020

თელავის N9 საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასელებს დისტანციურად, ბოლო ზარის გარეშე გამოემშვიდობა და გზა დაულოცა. დირექტორმა და პედაგოგებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისადმი მიმართვა სოციალურ ქსელში განათავსეს.

„სკოლის ოცდაათწლიან ისტორიას რამდენი „ბოლო ზარი“ ახსოვს: ორიგინალური, უცნაური, საინტერესო, ხმაურიანი, ზომაზე მეტად თავისუფალი ან მოკრძალებული, მაგრამ ასეთი, წელს რომ აქვთ ჩვენს მე-12 კლასელებს - ჯერ არ ყოფილა! ვირტუალური „ბოლო ზარი“ რეალურ კომუნიკაციას, უშუალო ემოციასაა მოკლებული და ეკრანს მიღმაა ჩამალული სითბოთი და სიყვარულით სავსე. წელს ვერ ვახერხებთ ერთმანეთის მოფერებასა და ჩახუტებას. რას ვიზავთ, ეს ამ სასწავლო წლის ბრენდია.

ჩვენო მე-12 კლასელებო, ყოველთვის ყველზე ორიგინალურები და უცნაურები იყავით თქვენი სიცელქით, სიალალით, ბავშვური ეშმაკობებითა და ხანდახან სიჯიუტითაც გამოირჩეოდით. ამავე დროს ძალიან კეთილები და მოსიყვარულეები, ჭკვიანები და პასუხისმგებლობით სავსენი, ლამაზები და ეშხიანები... გვახსოვს, რამდენი პროექტი განახორციელეთ, რამდენ ღონისძიებაში მიიღეთ მონაწილეობა, რა აქტიური სკოლის ცხოვრება გქონდათ .... და ეს აქტიური ბავშვები კორონავირუსმა ბოლო სემსტრში ასე ოსტატურად "გადაგმალათ" რეალური სივრციდან.

გილოცავთ სკოლის დამთავრებას! გისურვებთ მომავალში რეალურ წარმატებებსა და გამარჯვებებს, სიყვარულსა და წინსვლას! ამ ყველაფრისთვის კი ონლაინ სივრცის ჭკვიანურად დაგეგმვასა და გამოყენებას გირჩევთ! 

დაგვილოცნიხართ! იხარეთ და იბედნიერეთ! ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენთვის ასეთი ორიგინალური „ბოლო ზარი“, სულ გამარჯვებები და წინსვლა მთელი ცხოვრების მანძილზე!“-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203