„დაილოცოს ყველა ბილიკი, რომელიც სიკეთის გზაზე გატარებთ!“-იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის პედაგოგის მისალოცი წერილი მე-12 კლასელებს
01-06-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი თამუნა ტაბატაძე სადამრიგებლო კლასს სკოლის დამთავრებას ულოცავს და ემოციური წერილით ემშვიდობება:

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს გულში სამუდამოდ იდებენ ბინას...თქვენ ასეთი ადამიანები ხართ ჩემთვის.
არსებობენ დღეები, რომელთაც ვერასოდეს წავშლით გონებიდან. ეს ის განსაკუთრებული დღეა... ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი, მე კი შორიდან უნდა მოგილოცოთ და მოგეფეროთ.

მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა - თქვენი ანთებული და ცნობისმოყვარე თვალები. მახსოვს თქვენი მონდომება, სიხარული, ბავშვური სიცელქე... მახსოვს წყალდიდობის გამო დათმობილი ექსკურსია და თქვენი დიდსულოვანი გადაწყვეტილება-სხვებს დახმარებოდით... ვამაყობ თქვენი წარმატებებითა და ადამიანობით. სათუთად ვინახავ თქვენს ჩანაწერებს... მიხარია, რომ გაღვივდა „ჩემი მარცვალი“. მიხარია, რომ ასეთები ხართ-ჭკვიანები, გონიერები, მიზანდასახულები.

დღეს კი, 2020 წლის 20 მაისს, სკოლა დაამთავრეთ! იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა! ეს დიდი პასუხისმგებლობაა! გილოცავთ, ბავშვებო, ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას! წარმატებულ, ბედნიერ, სიყვარულით სავსე მომავალს გისურვებთ! 

ვაღიარებ, რომ თქვენი „ბუდიდან აფრენის“ დღეს სევდანარევი სიხარული მიპყრობს... არც კი მჯერა, რომ რვა წელი გავიდა, რომ ის პატარა გოგო-ბიჭები ხართ. აუცილებლად ვიტყვი, რომ ამ გზაზე იყო ბევრი შრომა, მსჯელობა, ფიქრი და ზრუნვა...

მადლობა ჩვენი კლასის ყველა მასწავლებელს, რომელთა დაუღალავი შრომისა და მონდომების გარეშე არაფერი გამოვიდოდა! 

მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს, ბატონ მურად ჯიშკარიანს, თანადგომისთვის!

მადლობა თქვენს მზრუნველ მშობლებს მხარდაჭერისთვის!

მადლობა თქვენ, ჩემებო! გზა დაგელოცოთ! დაილოცოს ყველა ბილიკი, რომელიც სიკეთის გზაზე გატარებთ და წარმატებას მოგიტანთ! თქვენგან ბევრს, ძალიან ბევრს, ელის ცოდნის ტაძარი, თქვენი იმედი აქვს სამშობლოს!
მიყვარხართ“,- წერს დამრიგებელი თამუნა ტაბატაძე.

იხილეთ ფოტოები

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203