„თქვენ მოხვალთ და ააგუგუნებთ ზარებს, გაიხარებს სკოლა თქვენი წარმატებებით“-დარჩელის N1 სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ცარციძე მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„დადგა ჟამი, ჟამი ნაოცნებარი, ნასათუთები, ნანატრი, ჟამი, როცა სკოლის კედლებიც კი იწყებს გალობას, თრთოლას, ზარი კი წკრიალებს და წკრიალებს, თითქოს მთელ სამყაროს გასძახის, რომ სკოლას ამთავრებთ, რომ ცხოვრების ფართო გზაზე გადიხართ ლაღნი, ბედნიერნი, ოცნებებით, მიზნებით დახუნძლულნი.

რამდენჯერ გიოცნებიათ ამ დღეზე, გსურდათ ყველაზე განსხვავებული, ყველაზე ორიგინალური და დაუვიწყარი ბოლო ზარის ზეიმი გაგემართათ. მჯერა,  რომ ეს ასეც იქნებოდა, რადგან მთელი თორმეტი წელი გვხიბლავდით სხვადასხვა საინტერესო, შემოქმედებითი სცენარებით, ზოგს ლამაზად სიმღერა შეგეძლოთ, ზოგი  მხატვრულად  კითხულობდით, ზოგიც ნამდვილი მსახიობი იყავით, ცეკვა ხომ ყველა თქვენგანის ჰობია.

ცხოვრებამ დიდი გამოცდა მოგვიწყო, მსოფლიოში მოჯირითე პანდემიამ სევდა და ნაღველი მოგვგვარა, ცხოვრების წესი შეგვიცვალა. ეს ყველაფერი დროებითია, მალე კვლავ დადგება ჟამი სიხარულისა, ბედნიერებისა, თქვენ მოხვალთ და ააგუგუნებთ ზარებს, გაიხარებს სკოლა თქვენი წარმატებებით.

სკოლის დამთავრებას გილოცავთ ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, ბედნიერება, ჯანმრთელობა, წინსვლა და ულევი სიხარული დაგბედებოდეთ, მუდამ მეყვარებით და ვიამაყებ თქვენით“, - წერს სკოლის დირექტორი მარინე ცარციძე.

იხილეთ ფოტოები: 

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203