„ჩვენი სკოლის კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის“ - ჩხორიის საჯარო სკოლა XII კლასელებს ემშვიდობება
20-05-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები მე-12 კლასელებს ბოლო ზარის გარეშე, თუმცა დიდი სიყვარულით აცილებენ. მათ დამამთავრებელ კლასს ემოციური წერილი მიუძღვნეს:

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო!!! სკოლის პერიოდი ხომ ყველაზე ბედნიერი მონაკვეთია თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. რაღაც პატარა სამყაროში რომ ცხოვრობ და კლასის ამბები რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გგონია. ცდილობ წარმოიდგინო, რა კარგია გახდე დიდი, მაგრამ როცა დგება დრო ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობებისა, გენანება, ამასთანავე, გიხარია ახალ საფეხურზე გადაბიჯება.

ალბათ, ბევრჯერ გიოცნებიათ ცისარტყელას ფერებში მოხატულ თეთრ პერანგებზე, იმ დღეზე, როცა თქვენთვის აწკრიალდებოდა ბოლო ზარი... დასანანია, რომ დღეს ეს ასე არ მოხდა. მართალია, დროს ვერაფერი შეაჩერებს, ეს ყველაფერი გადაივლის და ისევ თავაწყვეტილი სრბოლით გაგრძელდება წუთისოფლის ტრიალი. ჩვენთვის ტკბილ მოგონებად დარჩება თქვენთან გატარებული წლები. ვიცი, რომ არაერთხელ მოგენატრებათ სკოლა, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა და როცა მოგინდებათ ყველაზე ლამაზი დღეები ხელმეორედ განიცადოთ, დაბრუნდით ბავშვობაში და ხშირად გაიხსენეთ სიყმაწვილის ტკბილი აკვანი-მშობლიური სკოლა.

ჩვენი სკოლის კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის. შეგიძლიათ მოხვიდეთ და გვახაროთ თქვენი წარმატებები.
გვჯერა, რომ თქვენში დევს ის პოტენციალი, რომლითაც შეძლებთ ცხოვრების სწორი გზით გავლას. არ შეცდებით არჩევანში და აუცილებლად შეაღებთ უმაღლესი სასწავლებლის კარებს. იქნებით ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქენი. გისურვებთ საკუთარი შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების მაქსიმალურად გამოყენებას, ლამაზი და ბედნიერი დღეების სიმრავლეს.
დაგელოცოთ გზები სავალი!
მიყვარხართ!!!“- წერია სკოლის ინფორმაციაში.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203