„წინ ბევრად უკეთესი და საინტერესო ცხოვრება გელით“ - თბილისის N215 სკოლის დირექცია XII კლასელებს ემშვიდობება
20-05-2020

თბილისის N215 საჯარო სკოლის დირექცია მეთორმეტე კლასელებს გამოსამშვიდობებელ წერილს უძღვნის. ეპიდემიის გამო, წელს სკოლაში „ბოლო ზარი“ არ აღინიშნება.

„ჩემო საყვარელო მეთორმეტე კლასელებო, ბოლო ზარის და სკოლის დამთავრების ეიფორია დიდი ხნით ადრე დაგეწყოთ. გსურდათ ყველაზე ფერადი, მხიარული და ორიგინალური ბოლო ზარი გქონოდათ, რომელიც ყველას დიდხანს ემახსოვრებოდა, როგორიც ჯერ არავის არ ჰქონია. რა დასანანია, რომ ოცნებაში წარმოდგენილი ეს ლამაზი დღე სულ სხვანაირად ჩაივლის. თუმცა მოსაწყენად არ გცალიათ. წინ ბევრად უკეთესი და საინტერესო ცხოვრება გელით.

დღეს სკოლაში ბოლო ზარი არ დაირეკება, მაგრამ სკოლა დაამთავრეთ და ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება, ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით, მეტი უფლებებითა და ამავდროულად პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე. წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში.

მე (ჩემი ხასიათიდან გამომდინარე) გული მიჩუყდება, მინდა ყოველ თქვენგანს მოგეხვიოთ, დაგლოცოთ, გისურვოთ საკუთარი თავის რწმენა არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია. მე კი ჩუმად ვადევნებ თვალს თქვენს ცხოვრებას და ვიამაყებ, რომ თქვენ ჩემი მოსწავლეები იყავით.

სიყვარულით ნინო დევრისაშვილი
20 მაისი 2020 წელი

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203