„სიჩუმე კივის“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლის ქრისტინე ქუქჩიშვილის ემოციური ჩანახატი
22-04-2020

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ქრისტინე ქუქჩიშვილმა პანდემიისგან შექმნილ მდგომარეობაზე ემოციური ჩანახატი დაწერა.

რა მასწავლა სიჩუმემ

ოთახში სიჩუმე კივის...სიჩუმე განწირულ ძახილზე ძლიერი... გარეთ გასვლა მომინდა, რადგან ერთი თვეა სახლში ვზივარ, ოთახში ჰაერი ვერ მყოფნის. ცარიელ ქუჩაში მივაბიჯებ. სრული და ყოვლისმომცველი სიჩუმე და უძრაობაა. ეს მაცდური სიჩუმეა, ემოციური სიჩუმე. ფეხს ავუჩქარე, მინდა გავიგო ხმაური, მაგრამ უძრაობა, ურყეობა, სიჩუმე და შიში იყო ყველგან და ყველაფერში...

აი გამიბრწყინდა თვალები, ადამიანი მოაბიჯებს, რა კარგია გავიფიქრე და მივუახლოვდი. მაგრამ გაყინული, შიშნარევი მზერით ჩამიარა გვერდზე.

ამაოდ დავეხეტებოდი ქუჩაში, დაღლილი, დაზაფრული და არ მოსულა არავინ, არც გამვლელი ყრუ და არც გამომვლელი მუნჯი, რომ ეს სიჩუმე გაეჩუმებინა და მე დაყრუებისაგან ვეხსენი.

ამაოდ ვიხეტიალე, ბოლოს დაღლილი მოწყვეტით დავეცი და აღმომხდა...სიჩუმე კივის...სიჩუმე გაწირულ ძახილზე ძლიერი.

ქრისტინე ქუქჩიშვილი

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203