თბილისის N106 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისოა
21-04-2020

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის N106 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს. 

სკოლის პედაგოგის თეონა ბექაურის თქმით, სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისოა.

თეონა ბექაური პირველკლასელებს ასწავლის და მათ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. 

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემს პირველი კლასის მოსწავლეებთან მიწევს დისტანციურად მუშაობა და ზრუნვა მათზე. ძალიან მენატრება მათი ჟრიამული, მოფერება, ჩახუტება, სითბო. ამ ყველაფერს სწორედ ონლაინ სწავლებით ვინაზღაურებთ. ონლაინ სწავლება თავიდან დავიწყეთ ფეისბუქ ჯგუფში. 1 აპრილიდან კი დავიწყეთ პროგრამა „Teams“-ში მუშაობაც. ყოველთვის ვამხნევებ და ვცდილობ ავუხსნა ბავშვებს, რომ ეს ყველაფერი მალე გადაივლის და სკოლასაც მალე დავუბრუნდებით. სასწავლო პროცესი მათთვის საინტერესო და ამავდროულად სახალისოც რომ გავხადო, ვცდილობ სხვადასხვა აქტივობები შევთავაზო, რაც მათ უმაღლებს მოტივაციას და სასწავლო პროცესს მრავალფეროვანს ხდის. ვიმუშავეთ დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, ასევე შეუერთდით ლადო აფხაზავას წამოწყებას - „ძალიან გვენატრებით მეგობრებო მალე შევხვდებით“. დედა ენის დღესთან დაკავშირებით სხვა იდეების და ღონისძიებების განხორციელებას ვფიქრობდი, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ვიდეოს გადაღება, სადაც პირველი სიტყვა მე მეკუთვნის, ვიდეო ძეგლთან გადავიღე, ვისაუბრე ქართულ ენაზე, დედა ენის ძეგლზე. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა, ენა ხალხის საკუთრებაა, მას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. მათ იციან, რომ ამ ძეგლს ყვავილებზე მეტად ქართული სიტყვა და ლექსი უხდება და ვიდეოც სწორედ ამის დასტურია“,- აღნიშნავს თბილისის N106 საჯარო სკოლის პედაგოგი თეონა ბექაური. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203