„მომაკლდა მოციმციმე თვალები, სიყვარულით ანთებული გულები“ - წევის საჯარო სკოლის მასწავლებლის ემოციური ჩანახატი
10-04-2020

საქართველოში შექმნილ მდგომარეობას და სკოლებში შეწყვეტილ სწავლას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ცერცვაძე ემოციურ ჩანახატს უძღვნის.

                               „მასწავლებელი სავსეა ადამიანური გრძნობებით“

აზროვნების ჩამოყალიბების პირველივე ეტაპზე მივხვდი, რომ მომავალი მასწავლებელი ვიქნებოდი. ბავშვობის თამაში ,,მასწავლებლობანა“ იყო. პროფესიისადმი სიყვარულის საძირკველიც ამ დროს ჩაეყარა. ჩემს მცირე ცოდნას სიხარულითა და ენთუზიაზმით ვუზიარებდი ,,პირველ მოსწავლეებს“.

ვფიქრობ, უნივერსიტეტის კედლები ვერ შეძლებენ პიროვნების პედაგოგად ჩამოყალიბებას. მასწავლებელი იბადება ყოველგვარი მაღალი ზნეობის, მორალის მქონე ადამიანად, დადებითი გრძნობების მატარებლად. გარკვეული საგნის არჩევა და შესწავლა თავისუფალი ნებაა.

ლოგიკურად მივდივართ შემდეგ დასკვნამდე, რომ მასწავლებლისათვის ადვილი არ არის ყოველდღიური რუტინის დარღვევა; მოსწყდე საყვარელ მოსწავლეებს, ადამიანებსა თუ გარემოს, ადაპტირდე სრულიად უცხო მდგომარეობასთან. პროფესიაზე შეყვარებული მასწავლებლისთვის თითქმის მიუღებელია ,,დისტანცია“, მოსწავლეებთან, სკოლის გარემოსთან. სწორედ ამ ,,ჯადოსნურმა“ სიტყვამ გააღვიძა მონატრების გრძნობა ჩვენში. ,,დისტანციური გაკვეთილების“ საშუალებით თითქოს ვკმაყოფილდებით, მაგრამ საკლასო გარემოში მყოფი მასწავლებელი ფრთებგაშლილ ფრინველს ჰგავს, რომელიც ცის ლაჟვარდში დანავარდებს თავისუფლად და შეუფერხებლად.

ეჭვგარეშეა, რომ დედამიწამ დაისვენა, შესაბამისად მასზედ მცხოვრებმა ხალხმაც, მაგრამ მე თავი უსარგებლოდ ვიგრძენი, თვითრეალიზაცია ვერ მოხერხდა არსებულ გარემოში. მომაკლდა მოციმციმე თვალები, გაღიმებული სახეები, სიყვარულით ანთებული გულები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.

მომაკვდინებელ სენთან ბრძოლა ისტორიულ ქრონიკებს შემორჩება. ჩვენ კი მოუთმენლად გველოდება მზიანი სკოლის კედლები.                                                                             

        ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203