
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.
სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და აფასებენ მათ ნამუშევრებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ხალისით მონაწილეობენ სხვადასხვა საგნის ონლაინ-გაკვეთილში.
„ისევე, როგორც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაშიც, სწავლება მიმდინარეობს დისტანციურად. ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგი და მოსწავლე დარეგისტრირებულია დისტანციური სწავლების Microsoft teams-ში, მაგრამ დავალებების მისაცემად და ონლაინ-გაკვეთილების ჩასატარებლად ძირითადად ვიყენებთ „ფბ-ჯგუფებსა“ და „მესენჯერს“, რადგან მოსწავლეთა უმეტესობისათვის ხელმისაწვდომი და მარტივად გამოსაყენებელი სწორედ ეს ინტერნეტ-საშუალებებია. ბავშვები ხალისით მონაწილეობენ სხვადასხვა საგნის ონლაინ-ჩართვაში, მსჯელობენ და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებებს ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ. იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ინტერნეტის პრობლემა აქვთ, ვურეკავთ და ისე ვატყობინებთ დავალებებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.