
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ. მასწავლებლები მათ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით უკავშირდებიან.
„მას შემდეგ, რაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და განათლების სისტემა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ჩვენი სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროგრამაში. მასწავლებლები ვითვალისწინებთ რა მოსწავლეების წვდომას ინტერნეტთან, ვიყენებთ ყველა იმ პროგრამას ან სოციალურ ქსელს, რომლითაც ვახერხებთ მოსწავლეებთან დაკავშირებას. ვაწვდით დავალებებს, ვახორციელებთ ვიდეოკონფერენციებს. ბავშვები აქტიურად არიან ჩართული მიმდინარე პროცესში. ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგი აქტიურად არის ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში.
აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი მოსწავლეების მშობლებს, რომლებიც მხარში გვიდგანან და აქტიურად არიან ამ პროცესში ჩართულნი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.