მასწავლებლებს ახალი ვალდებულება ეკისრებათ, სკოლის ექიმები კი მოსწავლეების ჯანმრთელობას გააკონტროლებენ
04-04-2020

საქართველოს მთავრობის 205-ე დადგენილებაშის მიხედვით, სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის დავალებების ტელეფონით მიცემის ვალდებულება დაეკისრათ. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ შეძლებს სკოლის მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა სატელეფონო კომუნიკაციის ფორმით.

მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი ვალდებულნი არიან, მოსწავლეს/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდონ ინფორმაცია ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ტექნიკური პრობლემების გამო არ/ვერ შეძლებს ჩართვას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება. ამ მიზნის მისაღწევად საგნის მასწავლებელი იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციას.

მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან, საგნის მასწავლებელსა და სკოლის სხვა სპეციალისტებთან“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სპეციალური მასწავლებელი/ფსიქოლოგი ვალდებულნი არიან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, სისტემატური კომუნიკაციის ფარგლებში, რეკომენდაცია გაუწიონ სახლის პირობებში მეცადინეობის, საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების გამოყენების შესახებ და მიიღონ უკუკავშირი.

გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი/ექთანი, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს კომუნიკაციას დამრიგებლებთან.

„მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს მკურნალობის პროცესის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან მოსწავლის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებაზე და ამის შესახებ აცნობებს სკოლის დირექტორს“, - აღნიშნულია დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.

მთავრობის დადგენილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203