ტვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გონის მთა დალაშქრეს
26-02-2020
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები გონის მთაზე ლაშქრობაზე იმყოფებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები გონის მთის დალაშქვრით და ნანახი ისტორიული ძეგლით კმაყოფილები დარჩნენ.

„ჩვენი სოფლიდან 4 კილომეტრში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე არის ისტორიული მნიშვნელობის გონის მთა. გონის მთის თავზე აგებულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ლეჩხუმის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა, თარიღდება დაახლოებით VII-VIII საუკუნეებით; მთის თავზე ასევე არის სახნავ-სათესი სავარგულები, რომლითაც სოფელი ორხვის მოსახლეობა სარგებლობს.

გონის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს წარმართული დროის სამარხები... ერთ-ერთ სამარხში იპოვეს ქალის თავის ქალა, რომელსაც პირში მონეტა ედო; არსებობს მითი, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილს ფულს ატანდნენ, რომლითაც ის იხდიდა ქრთამს, რათა სამოთხეში გზა ხსნილი ჰქონოდა.

გონი სულხან-საბას განმარტებული აქვს, როგორც „კერპი აღმართული“ და ცნობილია, რომ ძველ დროში ის იყო უმთავრესი კერპი დასავლეთ საქართველოში. გადმოცემის თანახმად, სახელწოდება „გონი“ უნდა ნიშნავდეს „თავშესაყარს“, რადგან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ჯარი მეფის გამოძახების შემთხვევაში თავს იყრიდა გონის მთაზე, ასევე ძველად იქ გადიოდა საქარავნო გზაც“,-წერს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203