საქართველოსა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება
10-01-2020

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

ბრძანების მიხედვით, რომელსაც ხელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისია, რომელიც წარუდგენს რეკომენდაციას საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებასთან დაკავშირებით.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოში პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების მიზნით ამ წესით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოვლენილი საეჭვო გარემოების და ასევე, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, რომლითაც შესაძლოა იკვეთებოდეს ამავე სახელმწიფოს მხრიდან პირისათვის განზრახ ხელის შეშლა, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების საკითხს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.

კომისია ცენტრის დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას, პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება/აღიარებაზე უარის თქმის/„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ვადით პირობითი აღიარების შესახებ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...