„გვენატრები ძალიან, დავიღალეთ ლოდინით უკვე კარგა ხანია“ - ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეების გალექსილი წერილი თოვლის ბაბუას
19-12-2019

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ხვანჭკარის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა ხატია ფრუიძემ, გიორგი ჭარბაძემ, გიორგი სამთელაძემ თოვლის ბაბუას წერილი ლექსად მისწერეს. 

აღსანიშნავია, რომ ხატია ფრუიძე, გიორგი ჭარბაძე, გიორგი სამთელაძე ლიტერატურული კლუბის წევრები არიან და ლექსებს და პატარა მოთხრობებს ხშირად წერენ. 

ლიტერატურულ კლუბს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ჯინჭარაძე ხელმძღვანელობს

„ჩვენ ხვანჭკარის საჯარო სკოლის V კლასში ვსწავლობთ, სულ სამი ვართ: ხატია ფრუიძე, გიორგი ჭარბაძე, გიორგი სამთელაძე - ამიტომ ჩვენს კლასს დავარქვით - „ხატია და ორი გიო“. 

ჩვენ ლიტერატურული კლუბის წევრები ვართ (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ჯინჭარაძე), ხშირად ვწერთ ლექსებს და პატარა მოთხრობებს. ნინო მასწავლებელმა დაგვავალა მიგვეწერა წერილი თოვლის ბაბუასთვის, ჩვენც გადავწყვიტეთ ლექსად გადმოგვეცა. გთავაზობთ მას, იმედია მოგეწონებათ“,- აღნიშნავს ერთ-ერთი მათგანი. 

გთავაზობთ მოსწავლეთა წერილს:

წერილი თოვლის ბაბუას

ჩვენო თოვლის ბაბუა,
გვენატრები ძალიან,
დავიღალეთ ლოდინით
უკვე კარგა ხანია.
      ერთი წელი გავიდა,
      თვალიც კი არ მოგვიკრავს,
      ნეტავ სახლი სადა გაქვს,
      ან საიდან მოდიხარ.
ჩვენ კი უკვე დავიზარდეთ,
აღარა ვართ პაწუები,
ღამით მაინც გვესიზმრება
ხურჯინი და საჩუქრები.
      ახლა ჩვენი სურვილები
       გაცილებით დიდია,
      გული გვტკივა ჩვენს მიწა-წყალს
      ნაჭერ-ნაჭერ ყიდიან.
ერის რჩეული შვილები
უცხოეთში მიდიან,
ღმერთმა იქნებ მოგვივლინოს კიდევ ერთი ილია.
     გევედრებით, დაგვილოცე
     ჩვენი ფუძე, ჭერი,
     რომ ამ ქვეყნად აღარ იყოს,
     ორგული და მტერი.
გვინდა ყველამ დაივიწყოს
ბოროტება, სიძუნწე,
მოგვიტანე ოჯახებში
მშვიდობა და სიუხვე.
      აღარ იყოს შური,
      აღარ იყოს სევდა,
      გევედრები, გვიცოცხლე
      ყველას მამა, დედა.
დაე, ჩვენს ქვეყანაში
ჰქონდეს ყველას სახლი,
და ჩვენს ირგვლივ აღარ იყოს
ცრემლიანი ბავშვი.
      განკურნე ავადმყოფები,
      დაუამე ტკივილი,
      ქართველების სახეზე
      კვლავ გვანახე ღიმილი.
დაგვილოცე საქართველო,
განარიდე მტერი,
და ღვთის წილხვედრ ქვეყანაში
დღეგრძელობდეს ერი.
      გაგვიმრთელე საქართველო
      წრფელი გულით შეგთხოვთ,
      ემიგრანტი ქართველები
      დაგვიბრუნე ღმერთო.
გვიდღეგრძელე, გვიცოცხლე
ჩვენი ერის მამა,
ქართველთა გადასარჩენად
მიეც დიდი ძალა.
     თუ შენ ამათ შეგვისრულებ,
    სხვა სურვილი არ გვინდა,
     მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ,
    რომ არსებობ ნამდვილად.
 
P.S. იმედი გვაქვს შენი,
        მოუთმენლად გელით.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203