გაათავისუფლებს თუ არა სამხედრო სამსახურისგან პროფესიული სასწავლებელი გაზაფხულიდან?
23-12-2019

პროფესიული განათლების დეპარტამენტი კარგა ხანია ცდილობს, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები სამხედრო სამსახურისგან გაათავისუფლოს, თუმცა ეს არცთუ მარტივი პროცედურაა და გარკვეულ დროსაც მოითხოვს.

როდის გაათავისუფლებს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტის სტატუსი სამხედრო სამსახურისგან? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ სამხარაძე Etaloni.ge-სთან განმარტავს, რომ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და იმედოვნებს, შეთანხმებას აუცილებლად მიაღწევენ:

„ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ ყველა იმ უწყებასთან, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშაცაა ეს საკითხი. იყო არაერთი ინიციატივა, რომელსაც არ მიეცა მხარდაჭერა თავდაცვის სამინისტროსა და ზოგადად, მთავრობის მხრიდან იმიტომ, რომ უფრო კომპლექსურად უნდა იქნას განხილული ყოველი ნიუანსი, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გათვალისწინებით“.

კანონში არსებული ჩანაწერის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან უმაღლესი განათლების სტუდენტები თავისუფლდებიან. შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ცვლილებებზე, რომ ეს კანონი პროფსასწავლებლებზეც გავრცელდეს: „შეიძლება, შუა სწავლის პროცესში გაიწვიონ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი სამხედრო სამსახურში და ჩვენ ვცდილობთ ამ ჩანაწერში ცვლილება შევიდეს. აქტიურად  ვმუშაობთ, რათა ეს პრობლემა მომავალი წლის გაზაფხულისთვის აღმოიფხვრას და ვიმედოვნებთ, ასეც მოხდება“, - განუცხადა „ეტალონს“ თამარ სამხარაძემ.

თუმცა, ასეთ შემთხვევაში კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე შეიძლევა დავდგეთ - ხომ არ გამოიყენებს მოსახლეობა პროფსასწავლებელს, ჯარისთვის თავის არიდების საშუალებად. რაზეც პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს ასეთი პასუხი აქვს:

„პროფესიულ კოლეჯში მოხვედრის პროცედურა ლოგიკურ ჩარჩოებშია მოქცეული, რისკები აწონილია და თავდაცვის სამინისტროც გვეთანხმება, რომ რეალურად, ისინი არ დაკარგავენ იმდენ მოსამსახურეს, რამდენსაც კარგავს ჩვენი სისტემა; ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხს, ერთობლივი ძალისხმევით, გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქცევთ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203