„ზრუნავს მომავალი თაობისთვის და ჩემგან გადაეცით ლოცვა-კურთხევა“ - პატრიარქის დანაბარები გოჩა ტყეშელაშვილს
16-12-2019

14 დეკემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შუალედური ფინალური კონკურსი გაიმართა. 

ღონისძიებას სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სეზონის ფინალს სხვა სტუმრებთან ერთად, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მღვდელ-მსახური ილია სარია ეწვია. მან გოჩა ტყეშელაშვილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დანაბარები გადასცა:

„ჩვენ ჩამოვედით ბატონი გოჩას მოწვევით, გუშინ ანდრიაობა იყო, მის უწმინდესობასთან ვიყავით და ლოცვა-კურთხევის დროს გვკითხა, რატომ ვიყავით ჩამოსულები, ჩვენ ვუთხარით რომ ჩამოვედით ბატონ გოჩასთან. უწმინდესმა ასეთი სიტყვები ბრძანა - „ბატონი გოჩა ზრუნავს მომავალი თაობისთვის და ჩემგან გადაეცით ლოცვა-კურთხევა“. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა მისი უწმინდესობის ასეთი თბილი დამოკიდებულება ბატონი გოჩას მიმართ. გვიხარია, რომ გოჩასნაირი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში არსებობენ, ღმერთმა გაახაროს, მადლობას ვუხდით ბატონ გოჩას და თქვენ ყველას - დამსწრე საზოგადოებას“, - აღნიშნა მღვდელ-მსახურმა. 

ამ სიტყვების შემდეგ გოჩა ტყეშელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა, პატრიარქის დანაბარებს აპლოდისმენტებით შეხვედროდნენ და აღნიშნა, რომ ის უწმინდესსა და უნეტარესს არაერთხელ შეხვედრია და მისგან სამი რამ განსაკუთრებულად დაამახსოვრდა:

„უწმინდესთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ ჩამომიყალიბა სამი ძირითადი რამ, ამას ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე - ღირსება, რომელიც არასოდეს არ უნდა დაკარგო, მეორე - რწმენაა, უფლის  რწმენა, ადამიანების რწმენა, რაც არასოდეს უნდა დავკარგოთ. მესამე კი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც ყველას გისურვებთ - სიმშვიდე. ეს არის სწორი, გონიერი გადაწყვეტილებების საფუძველი. სიმშვიდე არის ნებისყოფის და თმენის უნარი. სიმშვიდე არის გონიერებით ფიქრი და ეს არის სწორი გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობა,“ - მიმართა სტუმრებს გოჩა ტყეშელაშვილმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203