2020 წლის ბიუჯეტის პროექტით სკოლის და ბაღის მასწავლებელთა ხელფასები იზრდება
13-10-2019

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს ის მიმართულებებიც გააცნო, სადაც დაფინანსების გაზრდა იგეგმება. მისი ინფორმაციით, 2020 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური ნაწილი, რაც პენსიების მატებაში, პედაგოგთა, ბაღის მასწავლებელთა, შსს-ს თანამშრომელთა და სასწრაფოს და სოფლის ექიმთა ხელფასების გაზრდაში გამოიხატება. 

2020 წლისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის 1 636 000 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება, აღნიშნული თანხიდან სპორტის და ახალგაზრდულ მიმართულებებზე თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 130.4 მილიონი ლარი;
  • კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები - 21.120 მილიონი ლარი;
  • სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 10 მილიონი ლარი;
  • სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 6.780 მილიონი ლარი;
  • სსიპ - ახალგაზრდული სააგენტო - 5 მილიონი ლარი.

სხდომაზე პარლამენტის კომიტეტის წევრებმა შენიშვნები ოლიმპიური მოძრაობის დაფინანსებაზე, სპორტული მედიცინის ცენტრის შექმნის თაობაზე, სპორტული და სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხებზე, უმაღლესი სასწავლებლების ე.წ. „უფასო“ ფაკულტეტებზე და სპორტის ხელმისაწვდომობის საკითხებზე გამოთქვეს.

ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, კომიტეტების წევრებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ფინანსური დოკუმენტის პროექტს მხარი დაუჭირეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203