„დავბრუნდეთ ბავშვობაში“ - ველევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი გრანდიოზულად დაიწყო
24-09-2019
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი გრანდიოზულად დაიწყო.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ფერადი ბუშტებითა და ლამაზი ყვავილებით მორთულ შესასვლელში სასწავლო წლის დაწყების მოსალოცად მისულ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს მისალოცი ბანერი - „დავბრუნდეთ ბავშვობაში“ დახვდათ.

„სასკოლო საზოგადოებას სკოლის მარადიულობის სიმბოლოდ აჩირაღდნებულ შანდლებთან შემომსხდარი ექვსი თვალებანთებული მოსწავლე ელოდათ. მათ  სიამოვნებით გაიხსენეს სასკოლო ცხოვრების  გზის დასაწყისში თავიანთი პირველი ნაბიჯები და  თანმხლები კურიოზები.

აქ იმყოფებოდნენ თემის მაჟორიტარი დეპუტატი დავით გოგსაძე და რწმუნებული გრიგოლ ჩიხრაძე. მათ სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს მოსწავლეებსა და პედაგოგებს და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს. სკოლის დირექტორმა ეკატერინე ჭიჭინაძემ თავისი მილოცვა ასე დაასრულა:„მთავარია, ისწავლოთ ფიქრი და დარჩეთ ადამიანებად". დირექტორმა ერთადერთ პირველკლასელ ნიკოლოზ გოგსაძეს, კომპიუტერი გადასცა. მან სიხარულით ააწკრიალა სწავლის დაწყების მაუწყებელი პირველი ზარი.

მიუხედავად მოსწავლეთა სიმცირით გამოწვეული ნოსტალგიისა, მაინც ლამაზი, გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო  16 სექტემბერი ველევის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებისათვის,“-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203