ნოემბერში დაგეგმილ მასწავლებელთა გამოცდაზე 26 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა
18-09-2019

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს დასრულდა რეგისტრაციისათვის განკუთვნილი დრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის. ჯამში, დარეგისტრირდა 26 600 - ზე მეტი აპლიკანტი. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყო. რეგისტრაცია მიმდინარეობდა მხოლოდ ელექტრონულად ვებ-გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

2019 წელს პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უკვე მეორედ მიეცათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა. 

პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია, პრაქტიკოს მასწავლებელს  კი უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. 

საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები (ანუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება) აუქმებს იმავე საგანში  საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203