შეუნარჩუნდებათ თუ არა პრაქტიკოს მასწავლებლებს მიღებული შეფასება და კრედიტქულები გამოცდაზე მეორედ გასვლის შემთხვევაში?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი იმავე საგანში აპირებს გამოცდის ჩაბარებას, რომელიც მან ერთხელ უკვე ჩააბარა, წინა შედეგი გაუუქმდება. „პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა 10 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით ჩატარდა. გამოცდებზე 31 500-მდე აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც 10 ათასი მასწავლებლობის მსურველი, ხოლო 20 ათასზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.
იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყება - ვის ექნება ტესტირებაში მონაწილეობის უფლება?2019 წლის მასწავლებლის ზაფხულის გამოცდის საბოლოო შედეგები ცნობილია