2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის დარგის მიხედვით ჩასაბარებელი საგნები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
01-09-2019
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში ცვლილება შევიდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტებს 3 სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ. ამასთან, ბრძანებაში განსაზღვრულია კონკრეტული სფეროები თუ რომელ მიმართულებაზე მოუწევთ აპლიკანტებს ისტორიის და რომელზე მათემატიკის ჩაბარება.

იხილეთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები (მათემატიკა/ისტორია) დარგის/სფეროს მიხედვით.

დოკუმენტის მიხედვით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საგნები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • უცხოური ენა - ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული - ამ უცხოური ენებიდან ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამის შესაბამისად
  • მათემატიკა ან ისტორია - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, სავალდებულო საგნად განსაზღვროს მათემატიკა ან/და ისტორია. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სავალდებულო საგნად განსაზღვრავს, როგორც მათემატიკას, ისე ისტორიას, აბიტურიენტი უფლებამოსილია აღნიშნული საგნებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი ან ორივე საგანი.

აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო, საგანმანათლებლო პროგრამებისა, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლებელია დააწესოს დამატებითი გამოცდა ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე საგანში:

  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • ზოგადი უნარები;
  • გეოგრაფია;
  • ლიტერატურა;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • სამოქალაქო განათლება.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გათვალისწინებულ ორ ან მეტ საგანში დამატებითი გამოცდის დაწესების შემთხვევაში, აბიტურიენტი უფლებამოსილია აირჩიოს ერთი ან რამდენიმე საგანი.

დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საგნები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ბიოლოგია;
  • ფიზიკა, ქიმია ან მათემატიკა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხოური ენის და მათემატიკის გამოცდაში შეადგენს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ს, ხოლო ყველა სხვა საგანში – თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203