„მიმდინარეობს განათლების დაფინანსების ზრდა, რაც მოიაზრებს მასწავლებლების ანაზღაურების ზრდასაც“ - ირინა აბულაძე
22-08-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, 2022 წლისთვის ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროზე დაიხარჯება, თუმცა ახლაც მიმდინარეობს განათლების დაფინანსების ზრდა, რაც მოიაზრებს მასწავლებლების ანაზღაურების ზრდასაც.

ამის შესახებ აბულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმას ახორციელებს, რომლის უმთავრესი მიზანი ცოდნის, სწავლა-სწავლების დონის ამაღლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა, ამისთვის განათლების სისტემის ყველა საფეხურზე ფუნდამენტური ცვლილებები მიმდინარეობს.

„შეგახსენებთ, რომ 2019 წელს განხორციელებული შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, 2022 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროზე დაიხარჯება, თუმცა ახლაც მიმდინარეობს განათლების დაფინანსების სისტემური, ეტაპობრივი ზრდა, რაც ცხადია, მოიაზრებს უფროსი, წამყვანი, მენტორი მასწავლებლების ანაზღაურების ზრდასაც. როგორც რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ, სკოლებში ხარისხის ასამაღლებლად ვახორციელებთ განათლების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს, რაც მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების ხელშეწყობის პარალელურად, პედაგოგების მოტივაციას გულისხმობს“, - აღნიშნა ირინა აბულაძემ და განმარტა, რომ იგულისხმება სამწლიან პერსპექტივაში პედაგოგების სახელფასო ზრდა, ამისათვის მკაფიო და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, არსებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული სქემის გამარტივება და საგაკვეთილო პროცესთან დაახლოვება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203