რა ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში?! - განათლების მინისტრის ბრძანება
19-08-2019

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში პრიორიტეტულ თემებს დაემატა - „ადამიანის უფლებები“. ასევე, ცვლილების მიხედვით, საჯარო სკოლებს უფლება მიეცათ განათლების სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე საათობრივი ბადე სამი მოდელის მიხედვით თავიანთი სურვილისამებრ განსაზღვრონ.

გთავაზობთ, ეროვნული სასწავლო გეგმაში გამოყოფილი პრიორიტეტული თემების ჩამონათვალს:

ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

ბ) გარემოს დაცვა;

გ) ჯანსაღი ცხოვრება;

დ) სამოქალაქო უსაფრთხოება;

ე) კონფლიქტების მართვა;

ვ) ფინანსური წიგნიერება;

ზ) კულტურული მრავალფეროვნება;

თ) ადამიანის უფლებები.

ბრძანებაში, როგორც უკვე ვთქვით განისაზღვრა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საათობრივი ბადე, სურვილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეადგინოს შემდეგი სამი მოდელის მიხედვით:

მოდელი I – საათობრივი ბადე, რომელიც მიჰყვება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კვირეულ საათობრივ დატვირთვას;

მოდელი II – საათობრივი ბადე, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნის წლიურ ჯამურ საათებს და რომელშიც კვირეული დატვირთვა გადანაწილებულია სკოლის შეხედულებისამებრ სემესტრების/წლის მანძილზე; ამასთანავე:

  1. საჯარო სკოლამ თავისი გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს და წარმოადგინოს სამინისტროში;
  2. სკოლა უფლებამოსილია, მეორე მოდელი გამოიყენოს ერთ კონკრეტულ კლასში (და არა ყველა პარალელურ კლასში), მინიმუმ ერთ და მაქსიმუმ ყველა საგანში, ერთი სემესტრის ან მთელი აკადემიური წლის მანძილზე.

მოდელი III – საათობრივ ბადეს შეიმუშავებს თავად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება თავისი შეხედულებისამებრ და სამინისტროში წარმოადგენს შესაბამის დასაბუთებას, თუ როგორ შეუწყობს ხელს სკოლის მიერ განსაზღვრული საათობრივი დატვირთვა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სტანდარტის შედეგების მიღწევას.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების სრულად სანახავად გადადით ბმულზე.

ასევე იხილეთ: ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა - საგაკვეთილო საათები პირველ რიგში უფროს და წამყვან მასწავლებლებს უნდა გადაუნაწილდეთ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203