მუქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები სათნოების სახლს ესტუმრნენ
28-05-2019

ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის საჯარო სკოლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ხათუნა კორძაძესთან ერთად, 24  აპრილს, ვნების კვირაში,  სამტრედიაში მდებარე სათნოების სახლს ესტუმრნენ. 

სოციალური პროექტის, „რასაცა გასცემ, შენია...“, მიზანი იყო მოსწავლეებს გაეგოთ, რას განიცდიან თავშესაფარში მყოფი ბენეფიციარები, რა სტკივათ, რა აწუხებთ, როგორ ცხოვრობენ. მოფერებოდნენ და შეექმნათ მათთვის წინასააღდგომო განწყობა.

პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, ვინაიდან  არ იყვნენ ნამყოფი მოხუცთა თავშესაფარში და გეგმის განხორციელებას ენთუზიაზმით შეუდგნენ.

პროექტზე მუშაობა წარიმართა ეროვნული სასწავლო გეგმისა და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების მოთხოვნების შესაბამისად.

პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები გაიწაფნენ ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებაში. განუვითარდათ თანამშრომლობის, შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების,შემწყნარებლობის, თანაგანცდის უნარები. აუმაღლდათ ემპათიისა და სიკეთის კეთების სურვილი.

მოსწავლეებმა ორგანიზატორ მასწავლებელ  და მშობლებთან ერთად გაამზადეს სანოვაგე შეძლებისდაგვარად.

პედაგოგის თქმით, მუდმივად გრძნობდნენ როგორც სკოლის დირექტორის,  ისე მასწავლებლების ხელშეწყობას პროექტის განხორციელებისას.

სათნოების სახლის ეზოში მოსწავლეებმა დარგეს სამახსოვროდ ეზოს ყვავილები, ყვავილები ასევე ქოთნებითაც მიიტანეს.

ამ პროექტზე მუშაობით გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებში, ასევე სიკეთის კეთებისა და თანაგანცდის უნარები, რაც ხელს შეუწყობს სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203