საჯარო სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს 2019 წლის სექტემბრიდან ხელფასი სავარაუდოდ 20%-ით გაეზრდებათ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ხელფასების ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან, მასწავლებლების მსგავსად, სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხებათ.
როგორც მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე განმარტავს, რამდენი ლარით გაეზრდებათ ხელფასი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა სკოლების დირექტორებსა და ადმინისტრაციას ხელფასი სავარაუდოდ 20%-ით მოემატებათ.
„ამაზე ზუსტად პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დღესაც ძალიან განსხვავებული ანაზღაურება აქვთ, გამომდინარე იქიდან რამდენი მოსწავლე ჰყავთ სკოლას. ეს დეტალი მუშავდება ფინანსთა სამინისტროსთან, დაახლოებითი საბიუჯეტო პარამეტრები გვაქვს, შესაბამისად რამდენი ლარით გაეზრდება ხელფასი თითოეულ სკოლას ამ ეტაპზე ამის თქმა არ შემიძლია,.თუმცა, საშუალოდ ვვარაუდობთ, რომ ეს არსებული ხელფასის 20% იქნება“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.
იხილეთ ასევე: 2019 წლის სექტემბრიდან მენტორის, წამყვანის და უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასი 150 ლარით გაეზრდებათ