
საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სკოლასთან არსებულმა აფხაზური ენის წრისა და დიმიტრი ჯაიანის სახელობის ლიტერატურულ-თეატრალური კლუბის წევრებმა ქართულ-აფხაზური სპექტაკლი „ყელში მობჯენილი მონატრება“ დადგეს.
მინი-სპექტაკლში მოთხრობილია ქართულ-აფხაზური ტრადიციული ურთიერთობის, მეგობრობის, სიყვარულის შესახებ. სპექტაკლში ნაჩვენებია, როგორც აფხაზებისა და ქართველების მეგობრული და სიყვარულით სავსე თანაცხოვრება, ასევე აფხაზური ტრადიციები და სტუმარმასპინძლობა.
სპექტაკლის მსვლელობისას გაჟღერდა მეგრულ-აფხაზური სიმღერები, მონაწილეებმა ერთმანეთში იპაექრეს აფხაზური ლექსებით, ფრაზებითა და გამონათქვამებით სიცოცხლეზე, მშვიდობაზე, სამშობლოზე სიყვარულზე. შესრულდა აფხაზური ცეკვა, სპექტაკლზე გამოიყენეს აუდიო/ვიდეო ჩანაწერი ლექსისა „გვიმარა“, რომელსაც კითხულობდა საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი. სპექტაკლი დასრულდა გზავნილით აფხაზი მეგობრებისადმი, რომ მეგობრობა ერთმანეთის დაუსრულებელი აღიარებაა.
მინი-სპექტაკლის ძირითადი ნაწილი შესრულდა აფხაზურ ენაზე.
იხილეთ ფოტოები