
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და ადმინისტრაციამ აქცია - ,,აჩუქე წიგნები“ განახორციელეს.
სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს საინტერესო და მოზარდებისთვის აუცილებელი მხატვრული ლიტერატურა.
სკოლის ბიბლიოთეკარმა ირმა გელაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები არამარტო გაამდიდრებს საბიბლიოთეკო ფონდს, არამედ მოსწავლეებს წაახალისებს ხშირად შეიძინონ წიგნები და იკითხონ მეტი.
ბიბლიოთეკის ინიციატივით სკოლაში მიწვეული იყო სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა პოეტი გოჩა ძირკვაძე. მოეწყო პოეზიის საღამო. სკოლის დირექტორმა დამწერლობისა და წიგნის შექმნის შესახებ და წიგნის კითხვის მნიშვნელობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
გოჩა ძირკვაძემ საკუთარი ლექსები წაიკითხა და მოსწავლეებს საკუთარი შემოქმედების შესახებ უამბო. ახალგაზრდა პოეტმა ქართველი მწერლებისა და პოეტების საინტერესო ბიოგრაფიული ფაქტების შესახებ მოუთხრო. ლექსები წაიკითხეს მოსწავლეებმაც.
„სამომავლოდ დაიგეგმა ბუნებაში მოეწყოს პოეზიის საღამო, უფრო ფართო მაშტაბით. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვანია მოსწავლის სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები