
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომხების გენოციდთან დაკავშირებით მსვლელობა მოაწყვეს.
„24 აპრილი ყველაზე მძიმე დღეა ეთნიკურად სომეხი ხალხის ცხოვრებაში. ამ დღეს განხორციელდა გენოციდი, რომელიც ყველაზე სასტიკადაა მიჩნეული. ამ დღეს კარწახის საჯარო სკოლა ყოველ წელს აღნიშნავს დაღუპულთათვის პატივის მიგების მიზნით.
წელსაც სკოლამ მოაწყო მსვლელობა მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად ყვავილებითა და სანთლებით, დაღუპულთა მემორიალთან.
სკოლის დირექტორმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობის შესახებ, კიდევ ერთხელ შეახსენა მოსწავლეებს, რომ მართებთ ამ ადამიანებისადმი პატივისცემა, პატივისცემა უდანაშაულო მსხვერპლთა მიმართ. დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას“,-ნათქვამია კარწახის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
სომხების გენოციდი - ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში, რომელიც მოყვა სომეხთა აჯანყებებს. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს და კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა.
იხილეთ ფოტოები