სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 142 აბიტურიენტი დარეგისტრირდა
17-04-2019

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 142 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

გარდა იმისა, რომ ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება, მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც გათვალისწინებულია. მოსამზადებელ ცენტრში სწავლისას ისინი სტიპენდიასაც მიიღებენ 150 ლარის ოდენობით.

როგორც ციხელაშვილი აღნიშნავს, პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების შეთავაზებას გულისხმობს.

„აბიტურიენტები მომზადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაივლიან. პროგრამის საპილოტე ვერსია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, სამთვიანია. აბიტურიენტები მომზადებას ინტენსიურ რეჟიმში გაივლიან, რის შემდეგაც ორ გამოცდას ჩააბარებენ და ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე სწავლას მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში არჩეულ ფაკულტეტებზე გააგრძელებენ. ამავე წლის სექტემბრიდან კი მომზადების სრული, ერთწლიანი კურსი შევა ძალაში. მიმდინარე წელს პროგრამაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 142 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 70 მათგანი კურსს თსუ-ში გაივლის, 72 კი - შოთა მესხიას უნივერსიტეტში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203