
მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას საღამო - ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია: „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ მიუძღვნეს.
ისტორიის მასწავლებელმა, რაული ნიჟარაძემ ისაუბრა იმ მოვლენებზე, რომელიც წინ უძღოდა ტრაგედიას, იყო 9 აპრილსა და 9 აპრილის შემდეგ.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, სკოლის მომღერალთა გუნდმა შეასრულა სიმღერები. გამოიცა კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი, რომელიც მიეძღვნა 9 აპრილის ტრაგედიას. საღამოს დასასრულ მოსწავლეებმა და სტუმრებმა ნახეს 1989 წლის 9 აპრილის დოკუმენტური კადრები - ფილმი 9 აპრილის მოვლენებზე.
30 წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი. უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. იყვნენ დაჭრილები, დასახიჩრებულები და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამლულები.
იხილეთ ფოტოები