„უნივერსიტეტები პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევისას შრომის ბაზრის ტენდენციებს არ ითვალისწინებენ“ - აუდიტის ანგარიში 
26-03-2019

სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტებად გამოცხადებული მიმართულებების დაფინანსება არ არის თანხვედრაში შრომის ბაზრის საჭიროებებთან.  აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის ეფექტიანობას ეხება.

ანგარიშის მიხედვით, პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებად აღიარებულია ისეთი მიმართულებები, რომლებიც გამოირჩევა სტუდენტების მაღალი რიცხოვნობით, ხოლო ისეთი დარგები, რომლებიც ქვეყნისთვის აქტუალური გამოწვევაა და სტუდენტების დაბალი რიცხოვნობით გამოირჩევა, არ მიიჩნევა პრიორიტეტად, რაც არ არის თავსებადი პროგრამის მიზნებთან.

პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევისა და მისაღები სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის პროცესში სამინისტრო და უნივერსიტეტები არ ითვალისწინებენ შრომის ბაზრის ტენდენციებს, რაც ქმნის სტრუქტურული უმუშევრობის გაზრდის რისკებს. კერძოდ, 2018 წლის ივლისის მდგომარეობით, დასაქმებულია პრიორიტეტული მიმართულებების კურსდამთავრებულთა 41%, მათგან საკუთარი პროფესიით − მხოლოდ ნახევარი.

უნივერსიტეტებს შორის მისაღები სტუდენტების ლიმიტებს სამინისტრო არაოპტიმალურად ანაწილებს. შედეგად, გვხდება ისეთი შემთხვევები, როდესაც გარკვეულ დარგებზე კონკრეტულ უნივერსიტეტებში ფიქსირდება აბიტურიენტების დაბალი აქტივობა, ხოლო იმავე დარგზე დანარჩენ უნივერსიტეტებში − ადგილების სრული ათვისება. აღნიშნული გარემოება დაფინანსების არსებული წესის პირობებში იწვევს სახსრების არაპროდუქტიულ ხარჯვას.

პრიორიტეტული პროგრამების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა 2017 წლის კურსდამთავრებულების გამოკითხვა. გამოიკითხა 350 პირი, ხოლო დასაქმების შეფასების პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის ივლისი. შედეგად ჩანს, რომ გამოკითხული დასაქმებული პირებიდან საკუთარი პროფესიით მუშაობდა მხოლოდ 49%, ხოლო დანარჩენი 51%, ძირითადად, ისეთ პოზიციებზე იყო, რაც მოითხოვდა იმაზე დაბალ კვალიფიკაციას, რაც მათ მიღებული ჰქონდათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები:

  • იმისათვის, რომ უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები თანხვედრაში იყოს ქვეყნის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებთან, შესაფერისი კრიტერიუმების მიხედვით, მათი აქტუალურობა ყოველწლიურად შეფასდეს და განახლდეს
  • სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის მეშვეობით უნივერსიტეტეები მხოლოდ დადასტურებული საფუძვლით შეძლებენ პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შერჩევას
  • სტრუქტურული უმუშევრობის რისკების შემცირების მიზნით შეფასდება შრომის ბაზრისა და უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამებს შორის ურთიერთკავშირი
  • შრომის ბაზრის ტენდენციებისა და სხვა შესაბამისი ხარისხობრივი ინდიკატორების გათვალისწინებით, თითოეული უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში, განისაზღვროს დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში

იხილეთ პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მთლიან ერთობლიობაში:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203