„გვაქვს ამბიცია, ჩვენმა მუნიციპალიტეტმა მოიპოვოს პირველობა“ - „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლე“ მთავარი გამარჯვებისთვის ემზადება
25-02-2019

საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი მაიზერ ცელაძე, რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლელა იმედაშვილმა პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის ყველაზე ობიექტურად აფასებს კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს:

დღეს, როგორც ყოველთვის, ეტალონმა შექმნა ზეიმი. სწორედ ეს არის ამ პროექტის ხელოვნება- ამდენი ბედნიერი ბავშვი და ამდენი მოტივირებული მოსწავლე, რომელიც ხვალ ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის მოწყობაში მონაწილეობს. მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ არის მნიშვნელოვანი მოტივატორი, რადგან, ნებისმიერი წახალისება მოსწავლეთა ცოდნის, მათი შესაძლებლობების, რომელიც ეფუძნება მოსწავლეთა ობიექტურ შეფასებას, ყოველთვის მოტივირებულს ხდის მოსწავლეს. ეს არის ობიექტური შეფასების ერთგვარი სიმბოლო, რადგან არცერთ მოსწავლეს, არ აქვს განცდა, რომ ის სუბიექტურად შეაფასეს და მან ზუსტად იცის, რომ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მის ცოდნაზე არის დამოკიდებული. ამდენად, ეს პროექტი არის საუკეთესო საშუალება მოსწავლეს ქონდეს ჯანსაღი ამბიცია წარმატების და წარუმატებლობის შემთხვევაშიც, ზუსტად ხვდებოდეს, სად ეძებოს მიზეზი“

მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა, მაიზერ ცელაძემ აღნიშნა, რომ „ეტალონი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მომავალი თაობის აღზრდა- განათლების საქმეში:

კიდევ ერთხელ მივესალმები ამ არაჩვეულებრივ პროექტს, რომელიც უკვე 13 წელია არსებობს ჩვენი მომავალი თაობის სასიკეთოდ და მათი ნიჭის წარმოსაჩენად. ვისურვებდი ეს პროექტი ყოფილიყოს მანამ, სანამ ქართველებს სისხლში ექნებათ აი ის ჟინი და სიყვარული, რასაც სწავლა- განათლების მიმართ პატივისცემა ჰქვია“.

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია თავართქილაძემ „ოზურგეთის ეტალონ მოსწავლეს“ წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ გამარჯვება, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში, ტრადიციად იქცა:

ისეთ ემოციებში ვარ, რომ არ ვიცი ამ სიხარულს გადავიტან თუ არა. ზედიზედ მეორე წელია ოზურგეთის N1 სკოლის მოსწავლე ხდება ეტალონი მოსწავლე. თითქოს გამარჯვება ტრადიციად დამკვიდრდა ჩვენთან. მე ვულოცავ ჩემს სკოლას და ვულოცავ მთელს საქართველოს, რომ ასეთი ახალგაზრდები არიან 21- ე საუკუნეში. ჩვენს სკოლაში წელს განსაკუთრებული დაინტერესება იგრძნობოდა ბავშვების მხრიდან, ემზადებოდნენ და ძალიან ბევრს მეცადინეობდნენ  ჩემპიონატისთვის. მე კიდევ ერთხელ მივულოცავ გიორგის ამ წარმატებას და ვფიქრობ, გვაქვს პრეტენზია, ჩვენმა მუნიციპალიტეტმა, მასთან ერთად, მოვიპოვოთ პირველობა ეტალონის ფინალზე“.

ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის" ტიტული ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ გიორგი მეგრელიძემ მოიპოვა: 

პირველ რიგში, ძალიან საამაყოა ის, რომ მთლიანი ოზურგეთის სახელით მომიწევს ეტალონის" ფინალში მონაწილეობის მიღება. ემოციურად ნამდვილად ძალიან დატვირთული ვარ. მინდა ყველა მონაწილეს ვუსურვო წარმატება. ფინალისთვის ალბათ განსაკუთრებით მოვემზადები და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ჩემი ოზურგეთი კარგად წარვადგინო.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203